ბლǃი
ბლǃი
იხილეთ ბლოგები
მატერიალიზმიდან პოსტმატერიალიზმისკენ? ღირებულებითი ცვლა და სოციალური კლასი საქართველოში
მატერიალიზმიდან პოსტმატერიალიზმისკენ? ღირებულებითი ცვლა და სოციალური კლასი საქართველოში
ბლǃის სერია · სოციალური სტრატიფიკაცია გარდამავალ პერიოდში — ნაწილი III
მომზადებულია ალექსანდრე ცაგარელის მიერ
მარტი, 2026
ლიტერატურის მიმოხილვა
რონალდ ინგლჰარტის პოსტმატერიალიზმის თეორია ღირებულებით ცვლას უკავშირებს ეკონომიკურ უსაფრთხოებას: როდესაც საზოგადოება ფიზიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს იკმაყოფილებს, მისი ყურადღება თვითგამოხატვისა და დემოკრატიული ღირებულებებისკენ ინაცვლებს. ასე იქმნება ორი პოლარული იდენტობა — მატერიალისტური, რომელიც ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტაბილურობას ეძებს, და პოსტმატერიალისტური, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სამოქალაქო უფლებებს, გარემოს დაცვასა და მონაწილეობას (ინგლჰარტი და ველცელი, 2005).
ეს ღირებულებები სოციალურად სტრუქტურირებულია: მატერიალისტური ორიენტაცია უფრო ხშირია დაბალშემოსავლიან და ნაკლებად განათლებულ ფენებში, სადაც ყოველდღიური საჭიროებები მკაფიოა, ხოლო პოსტმატერიალისტური — ეკონომიკურად დაცულ, განათლებულ, ურბანულ ჯგუფებში. ამავე დროს, დევისი (2000) აფრთხილებს, რომ ეს განსხვავება არ არის მკაცრად კატეგორიული, ხოლო ინგლჰარტი და აბრამსონი (1994) უჩვენებენ, რომ პოსტმატერიალიზმი განსაკუთრებით თაობათა ჩანაცვლების გზით იზრდება.
ამ პოსტში განვიხილავთ, თუ როგორ ნაწილდება ეს ღირებულებები ქართულ საზოგადოებაში — მთლიანობაში, ასაკობრივი ჯგუფებისა და სუბიექტური სოციალური კლასის მიხედვით.
მონაცემები და ინდიკატორი
ანალიზი იყენებს ინგლჰარტის ოთხპუნქტიან პოსტმატერიალიზმის ინდექსს (Y002), რომელიც რესპონდენტებს სამ კატეგორიად ყოფს — მატერიალისტურ, შერეულ და პოსტმატერიალისტურ ღირებულებებად — წესრიგსა და ადამიანის უფლებებს შორის არჩევანის ცვლადებზე დაყრდნობით. მონაცემები მოდის WVS-ისა და EVS-ის ტალღებიდან.
ღირებულებების საერთო განაწილება
6.0% |
χ² = 49.87 |
25.4% → 11.7% |
| სრულად პოსტმატერიალისტი |
კლასი ↔ ღირებულება (p < 0.001) |
პოსტმატ.: ახალგაზრდა → ხანდაზმული |

გრაფიკი 1. ღირებულებითი ტიპების საერთო განაწილება (ვალიდური %).
მოსახლეობის დაახლოებით 40% ავლენს მატერიალისტურ ღირებულებებს, უმრავლესობა (≈ 54%) კი შერეულ კატეგორიას ეკუთვნის — ანუ მათ ღირებულებებში ერთდროულად თანაარსებობს მატერიალისტური და პოსტმატერიალისტური ელემენტები. მხოლოდ 6% არის სრულად პოსტმატერიალისტი. ეს განაწილება დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის მქონე საზოგადოებებისთვის, სადაც ღირებულებითი ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
თაობათა განსხვავება
ღირებულებითი ცვლა მკაფიოდ ჩანს ასაკობრივ ჭრილში.
გრაფიკი 2. ღირებულებითი ტიპების განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (%).
პოსტმატერიალისტური ღირებულებები ყველაზე მაღალია ახალგაზრდა ჯგუფებში (17–34 წელი ≈ 25.4%) და მკვეთრად კლებულობს ასაკთან ერთად (65+ მხოლოდ 11.7%). საპირისპიროდ, მატერიალისტური ღირებულებები ასაკთან ერთად იზრდება და პიკს 65+ ჯგუფში აღწევს (26.8%). ეს თანხვედრაშია ინგლჰარტის თეზისთან თაობათა ჩანაცვლების შესახებ; ანალოგიური ტენდენცია სხვა ტრანზიციულ საზოგადოებებშიც ფიქსირდება, თუმცა იქ პოსტმატერიალიზმის დიფუზია ნელია (ჰერპფერი, 2002; დალტონი და ველცელი, 2014).
ღირებულებები და სუბიექტური სოციალური კლასი
ბოლოს, ღირებულებითი განაწილება სუბიექტური სოციალური კლასის მიხედვით ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ღირებულებებს შორის კავშირს.

გრაფიკი 3. მატერიალისტური, შერეული და პოსტმატერიალისტური ღირებულებების წილი სუბიექტური სოციალური კლასის მიხედვით (%).
რაც უფრო მაღალია სოციალური კლასის თვითშეფასება, მით ნაკლებია მატერიალისტური და მეტი — პოსტმატერიალისტური ღირებულებების წილი: მაღალი საშუალო კლასის 6.3% პოსტმატერიალისტია, დაბალი კლასის შემთხვევაში კი მხოლოდ 3.5%. მატერიალისტური ღირებულებები ყველაზე გავრცელებულია მუშათა (49.9%) და დაბალ (49.6%) კლასებში. ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (Pearson χ² = 49.87; p < 0.001) — ანუ ღირებულებითი განწყობები ნამდვილად განსხვავდება კლასების მიხედვით და შემთხვევითი არ არის. შედეგი ადასტურებს ინგლჰარტის (1997) თეზისს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება განსაზღვრავს ღირებულებით პრიორიტეტებს.
ჸსკვნა
საქართველო ღირებულებითი ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზეა: დომინირებს შერეული ღირებულებები, ხოლო სრული პოსტმატერიალიზმი იშვიათია და კონცენტრირებულია ახალგაზრდა, განათლებულ და უფრო მაღალი კლასის თვითშეფასების მქონე ჯგუფებში. თაობათა და კლასობრივი გრადიენტი ერთად ადასტურებს ინგლჰარტის თეორიას. ამით სრულდება სამნაწილიანი სერია: პოლიტიკური, ეკონომიკური და მატერიალისტური/პოსტმატერიალისტური ღირებულებითი ღერძები ერთად ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც აიგება საქართველოს სოციალური მილიოების რუკა.
ბიბლიოგრაფია
Dalton, R. J. (2014). Citizen politics: Public opinion and political parties in advanced industrial democracies (6th ed.). CQ Press.
Dalton, R. J., & Welzel, C. (2014). The civic culture transformed: From allegiant to assertive citizens. Cambridge University Press.
Davis, D. W. (2000). Individual-level examination of postmaterialism in the U.S.: Political tolerance, racial attitudes, environmentalism, and participatory norms. Political Research Quarterly, 53(3), 455–475.
Haerpfer, C. W. (2002). Democracy and enlargement in postcommunist Europe. Routledge.
Inglehart, R. (1977). The silent revolution: Changing values and political styles among Western publics. Princeton University Press.
Inglehart, R. (1997). Modernization and postmodernization: Cultural, economic, and political change in 43 societies. Princeton University Press.
Inglehart, R., & Abramson, P. R. (1994). Economic security and value change. American Political Science Review, 88(2), 336–354.
Inglehart, R., & Welzel, C. (2005). Modernization, cultural change, and democracy: The human development sequence. Cambridge University Press.